დღნორისის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ სამი გოგონასთვის დაირეკა
23-05-2018
დღნორისის საჯარო სკოლაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წელს სკოლა მხოლოდ სამმა მოსწავლემ დაამთავრა.
დღნორისის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება ემოციური ტექსტით მიულოცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
„ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.
ეთერ, ლედი და მარი, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ყველანი ვხვდებით, თუ როგორ გენანებათ ბავშობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი.
ერთმანეთს შესცქერით და პატარაობა გახსენდებათ - როგორ მიხვედით სკოლაში, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდით. თქვენი პირველი 10-იანი და პირველი ცუდი ნიშანი, მასწავლებლები - თბილი, მოსიყვარულე, მუდამ მოწესრიგებულები და ამასთანავე მკაცრი და მომთხოვნები. ყველაზე ხალისით იმას იხსენებთ, ვისაც უფრო მეტად აწვალებდით და „სისხლს უშრობდით" მთელი ამ წლების მანძილზე. გახსენდებათ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, შატალოები, მასწავლებლების საყვადურები, ჩაშლილი გაკვეთილები, ზეიმები.
რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება, თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ - წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრებაა! ჯერ გამოცდები და კიდევ გამოცდები და შემდეგ სტუდენტური ცხოვრება, ეტაპი, რომელიც არავის ავიწყდება.
გილოცავთ და გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით და უკვე სტუდენტებს დაგეხმარებით სხვა და განსხვავებული თვალით შეხედოთ სამყაროს“.
იხილეთ ფოტოები