განათლების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
09-02-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ხელახლა გამოსაცხადებლად, საჭიროა საგრანტო დებულების და კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვალში. განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი. ამასთან, კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება საგრანტო დაფინანსების ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური წევრებისაგან. მათ შორის, იქნებიან: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის და სხვა.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203