ისგ-ს დოკუმენტში ცვლილება შევიდა - სკოლებმა ეს უნდა იცოდნენ
13-02-2024

ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დებულებაში ცვლილებები შევიდა. ბრძანებას რამდენიმე პუნქტი დაემატა, მათ შორის ცალკე მუხლი გამოიყო ინდივიდუალური სასწავლო გეგმისთვის, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა რა არის მოცემული ისგ-ში, ვინ ადგენს დოკუმენტს და რა შემთხვევაში შედის ცვლილებები. 

1. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემულია: ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის (შემდგომ – ისგ ჯგუფი) შეხვედრების კალენდარი, მონაცემები მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ, მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერა, საგნობრივი გეგმა/გეგმები და სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმა.

2. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემული საგნობრივი გეგმა/გეგმები უნდა მოიცავდეს მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერას თითოეულ საგანში, მოსწავლის საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრულ  საფეხურის და სასწავლო წლის   მიზნებს. ასევე, სწავლა-სწავლების შესაბამის სტრატეგიებს, აქტივობებს და განმავითარებელ შეფასებას.

3. საგნობრივი გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი საგნის მასწავლებელი. საგნობრივი გეგმის შედგენის პროცესში მასწავლებელი  თანამშრომლობს სპეციალურ მასწავლებელთან, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების სხვა სპეციალისტთან და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან.

4. სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია სპეციალური მასწავლებელი. ინტერვენციის გეგმაში წარმოდგენილი სასწავლო მიზნები ხელს უნდა უწყობდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის წინსვლასა და აკადემიურ მიღწევას.

5. ისგ ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სწავლის დაწყებიდან ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

6. სწავლა-სწავლების პროცესში გამოვლენილი საჭიროებიდან ცვლილება/ცვლილებები უნდა აისახოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს, საჭიროებიდან გამომდინარე, მინიმუმ სემესტრში ერთხელ.

7. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203