უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა 4 ეტაპად განხორციელდება - დეტალები
13-02-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის, ინოვაციისა და ეკონომიკური სფეროების განვითარებას.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.


პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად:

• საჭიროებების შეფასება და ვორქშოპი „აშშ-საქართველოს შორის კვლევითი კოლაბორაცია“ – ამერიკული საბჭოები და NCURA განახორციელებენ პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორების და განვითარების ოფისების საჭიროების შეფასებას, შეისწავლიან ძირითად გამოწვევებს სამუშაოს მეტად ეფექტიანად შესრულებისთვის. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გადაცემის წახალისების მიზნით.

• ვებინარების სერია პროგრამის მონაწილეებისათვის – აშშ-ის ექსპერტების მონაწილეობით პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

• სასწავლო ვიზიტი აშშ-ში – სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 10 კვლევის ადმინისტრატორი/განვითარების ოფისის ან კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელი ორი კვირის განმავლობაში გაიცნობს 12 ამერიკული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას კვლევის ადმინისტრირებასა და ინოვაციების მართვის კუთხით.

• ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი – პროგრამის ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი იმუშავებს მასპინძელ უნივერსიტეტთან კვლევის ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის განვითარების, ფონდების მოძიების ან/და კურსდამთავრებულთა ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203