კანადელი მასწავლებელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მას საკუთარ ვებგვერდზე მოსწავლეთა ნამუშევრების გაყიდვაში ადანაშაულებენ. საუბარი 100 ნამუშევარზეა, რამაც მოსწავლეთა მშობლების გაბრაზება და ეჭვები გამოიწვია.
მონრეალის ვესტვუდის სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულის შესახებ შემთხვევით გაიგეს. ისინი მასწავლებლის ვებგვერდზე შევიდნენ, სადაც საკუთარი ნამუშევრები ნახეს, რომლებიც ყავის ჭიქებზე, მობილური ტელეფონის ქეისებზე და ტანსაცმელზე იყო დატანილი.
ფაქტმა, რასაკვირველია, საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიქცია. მშობლების უკმაყოფილება კი სოციალურ ქსელსაც მოედო.
„წარმოიდგინეთ თქვენი 13 წლის ვაჟი დღეს იმ სკოლიდან დაბრუნდა სახლში, რომლის ხელოვნების მასწავლებელზეც თქვეს, რომ მოსწავლეების ნამუშევრებს ინტერნეტით ყიდის, თითოს 94 დოლარად. თანაც ისე, რომ ამაზე წინასწარ ინფორმაცია არავის აქვს. ეს სრული სიგიჟეა. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ერთადერთი მშობელი, რომელსაც პასუხი სურს“, - წერს მშობელი ჯოელ დებელფეილი სოციალურ ქსელში.
თავად მასწავლებელი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობეს. თავის ვებსაიტზე კი საკუთარ თავს აღწერს, როგორც „მთელი ცხოვრება ხელოვნების მოსწავლე“, რომლის ნამუშევრები განთავსებულია კერძო კოლექციებში კანადაში, აშშ-ში, ესპანეთსა და იტალიაში.
მის საიტზე ჯერ კიდევ ჩანს 90-ზე მეტი ნამუშევარი, ბევრი ნამუშევრის სათაურში - Julia's Creepy Portrait, Charlotte's Creepy Portrait - აშკარად იმ მოსწავლეების სახელები იგულისხმება, რომლებმაც ის შექმნეს. ორშაბათის მდგომარეობით, მათი ყიდვა აღარ შეიძლებოდა.
სხვა სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც ამ მასწავლებლის სახელთანაა დაკავშირებული წაიშალა, მათ შორის გვერდები Instagram-სა და Facebook-ზე.
„ძალიან მეზიზღება ეს ადამიანი. წარმოუდგენლად, რაც მან გააკეთა, დაუჯერებელია“, - განუცხადა მედიას მშობელმა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მასწავლებელმა მისი ორივე ქალიშვილის ნამუშევარი გაყიდა. „მე არ ვარ აღფრთოვანებული სკოლით ან სკოლის საბჭოთი… ჩემი ქალიშვილები თავს მოტყუებულად გრძნობენ“,- დასძინა მანვე.