ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გაცემის წესში ცვლილება შევიდა
17-02-2024
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ატესტატის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ბეჭდვას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მათ მიწოდებას.
საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.