ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით საინტერესო აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქეთევან ბეღელაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის გაცნობიერება, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გააზრება.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, რომელიც გამოიხატება ტემპერატურის მატებით, ნალექების ზრდითა და გახშირებული ბუნებრივი კატასტროფებით.
პროექტის ინიციატორებმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაამახვილეს ყურადღება რომ: „ჩვენ ადამიანები, უპირველესები ვართ პრობლემის შექმნაში: ადამიანის სამრეწველო საქმიანობა, ტყის გაჩეხა, ტრანსპორტისა და საწარმოების გამონაბოლქვი, უპასუხისმგებლოდ დაყრილი ან დამწვარი მავნე ნივთიერებები, მეურნეობაში არასწორად გამოყენებული პესტიციდები, რესურსების არაგონივრული გამოყენება დიდ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანს და მის სრულფასოვან არსებობას“.
„დაიწყე მოქმედება ახლა, დედამიწა შენს ხელშია“, - ეს იყო ლოზუნგი, რომლითაც მოსწავლეებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას ეკომეგობრული ქცევის წესების დასაცავად.
იხილეთ ფოტოები: