კალმის კაცი გოჩა ძნელაძე - ინტერვიუ 4 წიგნის ავტორ დირექტორთან
25-05-2018
თუ მაღალმთიან სოფელ საჩხეურაში ხშირად წვიმს და ცუდი ამინდებია, ეს ერთადერთი რამის მაუწყებელი შეიძლება იყოს - ფანჯარასთან მჯდომი სკოლის დირექტორი მორიგ წიგნზე მუშაობას იწყებს. 

გოჩა ძნელაძე საჩხეურაში დაიბადა და გაიზარდა. აქვე მიიღო 9 წლიანი დაწყებითი განათლება, სწავლა კი დღნორისის საჯარო სკოლაში დაასრულა. ლიტერატურა ბავშვობიდან უყვარდა და სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა მისი მომავალი პროფესიაც. მომავალმა სკოლის დირექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-ფილოლოგიის განხრით დაამთავრა. უნივერსიტეტამდე კი იყო საბჭოთა არმია, სადაც ორი წელი იმსახურა. 

საჩხეურის საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის დამთავრების დღიდან მუშაობს. საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კი წერს, წერს იმ ყველაფერზე რაც აწუხებს და სტკივა. უკვე სამი დასრულებული წიგნის ავტორია, მეოთხე წიგნი კი მაქსიმუმ ორ თვეში შეხვდება თავის პირველ მკითხველს. 

თავისი წიგნების, ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გოჩა ძნელაძემ Etaloni.ge-სთან ისაუბრა. 

- მოკლედ მოგვიყევით თქვენ შესახებ

- საჩხეურაში დავიბადე და გავიზარდე. ქართული ენა და ლიტერატურა იმდენად მიყვარდა,რომ4-5 წლის ასაკში ანბანიც კი ვიცოდი. გარკვეულწილად ამან განაპირობა ჩემი პროფესიაც. უკვე 26 წელია, რაც საჩხეურას საჯარო სკოლაში ვმუშაობ, აქედან 14 წელია, რაც დირექტორი ვარ. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მხოლოდ 4 მოსწავლე სწავლობს. ამჟამად დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ, ისე კი, ტექნიკური საგნების გარდა თითქმის ყველა საგანში მაქვს საგნის სერტიფიკატი აღებული. ჩემი მეუღლე, ნაზიბროლა ლეთოდიანი ქუთაისში მუშაობს ლოგოპედად. მყავს ოთხი შვილი - სამი გოგონა და ერთი ვაჟი. უფროსი გოგონები უკვე სტუდენტები არიან, უმცროსი გოგო-ბიჭი კი - მოსწავლეები. 

 - როდის აღმოაჩინეთ, რომ წერის ნიჭი გქონდათ? 

- ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარდა. ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე ჩანაწერებს, ვწერდი ლექსებს, მაგრამ ეს ადრე იყო და ბავშვობისდროინდელი ნაწერები შენახული არ მაქვს. წიგნებზე სერიოზული მუშაობა მას შემდეგ დავიწყე, რაც სკოლაში მოვედი. მივხვდი, რომ კალმის კაცი ვიყავი. 

- რომელ წელს გამოიცა თქვენი პირველი წიგნი და ზოგადად, მოგვიყევით თქვენი შემოქმედების შესახებ? 

- პირველი წიგნი „შენ გებარებოდეს ჩემი საჩხეურა“ კრებულია. წიგნი 2015 წელს გამოვეცი და მასში შესულია ლექსები, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, აქტუალური მოვლენების ჩემებური ანალიზი, იუმორისტული ამბები. მომდევნო წელს მხოლოდ ლექსების კრებული „მზესა და გაზაფხულს ვენაცვალები“ გამოიცა, რომელიც მწერალ რევაზ მიშველაძეს წაუკითხავს და დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე. წინა თვეში 50 წლის იუბილე მქონდა და ბატონმა რევაზმა წერილიც კი მომიძღვნა. მესამე წიგნი „სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს“ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის უდროოდ გარდაცვლილ დირექტორს, შოთა ასათიანს მივუძღვენი, იმდენად მტკივნეული იყო ეს ამბავი ჩემთვის. 

- როგორც ვიცით, ახლა მეოთხე წიგნზე მუშაობთ... 

- დიახ, ესაა იუმორისტული ისტორიების ნაკრები. ბავშვობიდან ვაგროვებდი ამ ამბებს და 25 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ წიგნად ამეკინძა. წიგნის რედაქტორი რევაზ მიშველაძეა. ჯერჯერობით სულ ორი ეგზემპლარი დაიბეჭდა, სრული ტირაჟით კი მაქსიმუმ ორ თვეში იქნება. 

- მწერლობისა და სკოლის საქმეების გარდა, კიდევ რითი ხართ დაკავებული?

- ვარ მწერალთა კავშირის წევრი, ასევე გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ კორესპოდენტი, სადაც წერილებს, ჩანახატებს, ნოველებს ვაქვეყნებ ხოლმე. ასევე, თვალყურს ვადევნებ თითქმის ყველა ინტელექტულურ შეჯიბრებას და რა თქმა უნდა, „ეტალონს“. ესაა გამორჩეული პროექტი და ნამდვილი ოაზისი დღევანდელ რეალობაში. ძალიან კარგადაა მოფიქრებული და ვისურვებდი, რომ უფრო მრავლად იყოს ასეთი პროექტები.

სოფლის გრაფიკი დამღლელია. დილის ხუთი საათიდან ფეხზე მდგომი კალმის კაცი კი მაინც ახერხებს ოჯახისა და სკოლის საქმეებთან ერთად კალამიც აიღოს ხელში. თუ საჩხეურაში ყოფნა წვიმას მოეწონება, შეიძლება ფანჯარასთან მჯდომმა გოჩა ძნელაძემ მეხუთე წიგნზეც დაიწყოს მუშაობა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203