სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი თბილისის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი.
განაცხადთან ერთად, სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის, სემესტრული, წლიური გადასახადის და სასწავლო გრანტის ოდენობის შესახებ. რაც შეეხება ახალგაზრდებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის კალენდარულ წელს.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%-ით.
სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსებისათვის თანხა გაიცემა შემდეგნაირად:
წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%; სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.
70-ზე მეტი- 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს; მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის; სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი;
ასევე, სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%: სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის; ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის.
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის; ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;
ასევე, სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსის მქონე სტუდენტისათვის.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.