საჯარო სკოლებს შეუძლიათ საგნობრივი კათედრები აღარ ჰყავდეთ - განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ სკოლა თავისუფალია სტრუქტურული ერთეულების შექმნასა და მათი ფუნქციების ჩამოყალიბებაში.
უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ეროვნული სასწავლო გეგმის ძველი ვერსიის მიხედვით: საჯარო სკოლა ვალდებული იყო საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შეექმნა კათედრები, სადაც გაერთიანებული იყო საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.
ესგ-ში გაწერილი იყო კათედრის ფუნქციები, ასევე კათედრის თავმჯდომარის არჩევის წესი და მისი ფუნქცია/მოვალეობები. დათქმული იყო კათედრის შეკრების მინიმალური რაოდენობა.
განახლებულ ეროვნული სასწავლო გეგმაში კი აღნიშნულია, რომ სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, სკოლა, საკუთარი გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავისუფალია სტრუქტურული ერთეულების შექმნასა და მათი ფუნქციების ჩამოყალიბებაში.