საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4 მარტიდან, სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევა იწყება, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება. გადავადების შემთხვევაში კი მოსაკრებელი - რომელიც 5000 ლარია, წვევამდელებმა გაწვევიდან 5 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. მოსაკრებელი სამხედროს სამსახურიდან 1 წლის ვადით ათავისუფლებს.
რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების პირობებს, თავდაცვის კოდექსში ვკითხულობთ, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება: სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ასაკიც 20 წლამდეა, მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან სოფლის სკოლებში და სტუდენტებს.
ცნობისთვის: საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს სკოლებში 20 წლის და უფროსი ასაკის 399 მოსწავლე ირიცხება.
გადავადება ეხება ასევე:
ა) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დროებით (1 წლამდე ვადით) შეუსაბამოდ არის ცნობილი;
ბ) პირს, რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით);
გ) პირს, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) პირს, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, − სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
ე) პირს, რომელიც არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე;ვ) პირს, რომელიც არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი, − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, თუ არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ზ) პირს, რომელიც არის აპლიკანტი, − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;
თ) პირს, რომელიც არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, − 20 წლამდე;
ი) პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, − ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;
კ) პირს, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;
ლ) პირს, რომელმაც აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას, − აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდეგ − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
მ) პირს, რომელიც უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე, − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;
ნ) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე;
ო) პირს, რომელსაც ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
პ) პირს, რომლის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;
ჟ) პირს, რომელიც დედის ან მამის ერთადერთი შვილია;
რ) პირს, რომელიც მუშაობს სოფელში ექიმად ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლად;
ს) პირს, რომელსაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა;
ტ) პირს, რომელსაც ჰყავს ერთი შვილი − შვილის შეძენის დღიდან 3 წლის ვადით;
უ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ახორციელებს პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
ფ) პირს, რომელიც არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან რომლის მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;
ქ) პირს, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი;
ღ) პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში და ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ დაწესებულებაში გაწვეული წვევამდელი ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებამდე;
ყ) პირს, რომლის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი − აღნიშნული მსჯავრის დასრულებამდე;
შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, − ამ პროგრამის გავლის პერიოდში;
ჩ) პირს, რომელმაც გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი.