განათლების მინისტრმა დეტალური გეგმა 1 კვირაში  უნდა მოამზადოს - პრემიერის დავალება ამილახვარს
26-02-2024

მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს სახელმწიფო სტრუქტურებში  სულ მცირე 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება უნდა გაიაროს უნივერსიტეტების 3 ათასამდე კურსდამთავრებულმა.

„პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი, ახალგაზრდებისთვის, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ, ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, იმის შესახებ რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელს დაიწყება.

 წელს უნდა უზრუნველვყოთ, რომ უნივერსიტეტების, სულ მცირე 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის, სულ მცირე 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდგომი სხდომისთვის წარმოადგინონ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებსა და თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანაზღაურებადი სტაჟირების ვადებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენი პრიორტიტეტი არის და იქნება ის, რომ ახალგაზრდებს სწავლის პერიოდის დასრულების შემდგომ შევთავაზოთ სწორი კარიერული გაგრძელების პირობები. კანონის მოთხოვნაა რომ უნდა იყვნენ კურსდამთავრებულები, შესაბამისად ვინც წელს ასრულებს სწავლას, ზაფხულის პერიოდში დაიწყება მათთვის კონკურსები და მიმდინარე წლის სექტემბრიდან ისინი უკვე განაწილებულნი იქნებიან სხვადასხვა მიმართულებებით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203