სტატუსშეჩერებული სტუდენტების საყურადღებოდ - 1-ელი მარტიდან 5-წლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება
26-02-2024

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება - მათთვის 1-ელი მარტიდან ჯამური 5-წლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

იმ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის შეჩერების ჯამური 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყოს 2024 წლის პირველი მარტიდან“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

გარდა ამისა, სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, 12 თვის განმავლობაში, პირს ეძლევა უფლება, მობილობით გადავიდეს სხვა უმაღლეს სასწავლებელში, აქამდე 6-თვიანი ვადა იყო განსაზღვრული.

„სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203