ექოლალიის მქონე ადამიანები იმეორებენ ხმაურს, სიტყვებს ან ფრაზებს, რომლებიც ესმით. მათ შეიძლება ვერ შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, რადგან უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა. ექოლალიის მქონე ადამიანს შეუძლია მხოლოდ შეკითხვის გამეორება და არა მასზე პასუხის გაცემა. მეტყველების დაწყების პერიოდში ექოლალია არის კომუნიკაციის, ენის შესწავლის ერთ-ერთი საშუალება.
განმეორებითი მეტყველება ენის განვითარების გავრცელებული ნაწილია და ჩვეულებრივ გვხვდება პატარებში, რომლებიც სწავლობენ კომუნიკაციას. 2 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იწყებს საკუთარი გამონათქვამების შერევას და მოსმენილის გამეორებას, ეს სიმპტომები ტიპურად შეიძლება ჩაითვალოს 3 წლამდე. შემდეგ თუ ექოლალია დარჩება ბავშვის მეტყველების ძირითად ფორმად, უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
ექოლალია 2 სახისაა: მყისიერი – როცა ბავშვი იმ მომენტში გაგონილს იმეორებს და გადავადებული – ანუ ადრე მოსმენილის გამეორება.
შესაძლოა ექოლალია ბავშვმა გამოიყენოს შემდეგ სიტუაციებში: მაგალითად, როცა სურს პაუზის შევსება, ანუ მას უნდა მონაწილეობა მიიღოს საუბარში, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ამიტომ ავსებს პაუზას იმ სიტყვით, რაც გაიგო უფროსისგან და იმ სიტუაციის შესატყვისი ჰგონია.
ასევე, როდესაც ბავშვს სურს გვითხრას თანხმობა, თუმცა იმეორებს ჩვენ მიერ ნათქვამ წინადადებას, შესაძლოა ეს იმიტომ რომ, მას იშვიათად ესმის „კი“. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს მაგალითი და დასმულ შეკითხვას თავადვე ვუპასუხოთ მცირეოდენი პაუზის შემდეგ. მაგ: გშია? კი, მე მშია. შენ გშია? ასევე შეიძლება ბავშვი ექოლალიას იყენებდეს როგორც დამამშვიდებელს, როცა შეშინებულია, ან რაიმეს განიცდის. ამ დროს ნაცნობი სიტყვების გამეორება ეხმარება და აწყნარებს მას, მსგავსი ტიპის ექოლალია ძირითადად გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში.