ყველა სკოლამ სამინისტროსგან ახალი დოკუმენტი მიიღო - ზოგადი განათლების 9 მიზანი ცნობილია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – pr@mes.gov.ge გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:
1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
2. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
3. დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო იდეალებთან;
4. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არამხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;
5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;
6. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;
7. ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;
8. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში;
9. ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების რაციონალურ მიზნებს.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.