27 თებერვალს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძე და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UNEC) რექტორმა, პროფესორმა ადალატ მურადოვმა.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, ერთობლივი საგანმანათლებლო (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამების განხორციელებას, სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას. სამეცნიერო ინფორმაციის გაფართოება და გაძლიერება, ასევე, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა, დაამყარებს ორივე მხარისათვის სასარგებლო თანამშრომლობას.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს პროფესორ მიხეილ ჩხენკელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ თავჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს, ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორს ვახტანგ ცაგარელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრებს. დელეგაციის წევრები გაეცნენ KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს, აკადემიურ პროგრამებს, უნივერსიტეტის მისიას, მიზნებს და განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ.“ უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: www.kiu.edu.ge).