„კესოს ნახატი პატრიარქისთვის საჩუქრად გადადეს“ - 9 წლის გოგონას ნამუშევრები საქველმოქმედო აქციებზე იყიდება
25-05-2018
თბილისში, 143-ე საჯარო სკოლაში 9 წლის კესო როსტომაშვილი სწავლობს, რომელიც ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული. მე-3 კლასელი გოგონას ნახატები იმდენად საინტერესოა, რომ მალე მის ერთ-ერთ ნამუშევარს პატრიარქს საჩუქრად გადასცემენ.
კესო როსტომაშვილის ნახატები საქველმოქმედო აქციებზე იყიდება.
9 წლის ნიჭიერი გოგონას შესახებ დედა - ინგა ქლიბაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ინგა, როდის დაიწყო კესომ ხატვა?
- კესო 4 წლიდან ხატავს. ნიჭი მისმა ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია და მთხოვდა, რომ მისთვის მიმეხედა. ფაქტობრივად, მისი მასწავლებლის დამსახურებაა, რომ შემდეგ სამხატვრო სტუდიაში მივიყვანე. გარკვეული მიზეზების გამო, იმ სტუდიიდან წამოსვლა მოგვიწია. მაშინ კესო 6 წლის იყო, თუმცა ხატვა არ შეუწყვეტია და ინტერნეტითაც კი სწავლობდა სხვადასხვა ფერის მიღების ხერხებს. ახლა კესო ერთ-ერთი სამხატვრო სტუდიის მოსწავლეა.
- რას იყენებს კესო ხატვისას?
- გუაშებით და ზეთის საღბავებით ტილოზე ხატავს. კმაყოფლები ვართ თითოეული მასწავლებლის, ვის ხელშიც კესომ გაიარა.
- საქველმოქმედო გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. ვისი იდეა იყო ეს?
- ეს მისი სურვილი იყო. გასულ წელს ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებმა ხელნაკეთი ნივთები შექმნეს და გასაყიდად გაიტანეს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი აეშენებინათ. მაშინ ეს ნამუშევრები ჩვენც შევიძინეთ. კესო იმდენად მოიხიბლა ქველმოქმედების იდეით, რომ თქვა, თუკი შეიძლებოდა, თავადაც შექმნიდა ნახატებს და იმავე მიზნით გაყიდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნახატი ჰქონდა, ვფიქრობდი, გამოფენისთვის მზად არ იყო, ამიტომ რამდენიმე თვე პროფესონალთან ვატარე, რომ უფრო განვითარებულიყო. ამის შემდეგ უკვე საქველმოქმედო გამოფენაც მოაწყო. მართლა ძალიან ლამაზი ნახატები იყო. გამოფენა-გაყიდვა კესოს დაბადების დღეს დავამთხვიეთ, ბერი ანდრის ფონდის ბავშვებიც დავპატიჟეთ.
- რამდენი ნახატი გაიყიდა?
- სულ 40 ნამუშევარი იყო გამოფენილი. არ მოველოდით და 33 ნახატი გაიყიდა. ამ აქციიდან 385 ლარი მოგროვდა, რომელიც ბერი ანდრიას დედას იქვე გადავეცით.
- კომერციალიზაციის მიმართ ინტერესეს იჩენს? ფასს თავად ადებს?
- თვითონ ხშირად ამბობს, რომ მთავრია გაიყიდოსო. ტილოზე ნახატი ამასწინათ სიმბოლურ ფასად - 30 ლარად გავყიდეთ. თანხა კვლავ საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. კესოს სურს, რომ მის ნამუშევრებს კონკრეტული ფასი არ ედოს და ვისაც რამდენი სურს, იმდენი გადაიხადოს. კესოს არ ენანება თავისი ნახატები გასაყიდად ან გასაჩუქებლად. დაბადების დღის შემდეგაც მთხოვა საქველმოქმედო აქცია კვლავ მოვაწყოთო.
- ხატვის გარდა კიდევ რისი ნიჭი აქვს?
- მას ძალიან მოსწონს ნახატების მძივებით გაფორმება, ასევე, ბოთლებს ფერადი ძაფებით ახალისებს და აქსესუარებად აქცევს. უყვარს პრაქტიკული და ლამაზი ნივთების შექმნა. საკუთარი წითელი კაბაც კი თავად გააახლა მძივებით. მის ნიჭს ხელს ყველანაირად ვუწყობთ.
- კესოს უახლოესი გეგმები რას უკავშირდება?
- მალე რუსთავში იხსნება პარკი, რომელიც ქართველი ხალხისგან პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნად აშენდა. ცოტა ხნის წინ ორგანიზატორი ნანა ბეღელაძე შეგვეხმიანა და გვთხოვა, კესოს თუ შეუძლია ყვავილების თემაზე ნახატები დახატოს და ბაღის მშენებლობაში მათი გაყიდვით წვლილი შეიტანოსო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. კესომ ნახატები შექმნა და ერთი უკვე გაიყიდა, თანხა კი ბაღის მშენებლობას მოხმარდა. ერთ ნახატზე, რომელზეც იასამნებია გამოსახული, გვითხრეს, პატრიარქისთვის საჩუქრად გვინდაო. დიდი იმედი გვაქვს პატრიარქს შევხვდებით. ეს დიდი ბედნიერებაა.
იხილეთ ფოტოები