შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა იმ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სწავლის ხანგრძლივობის ცვლილება ეხებათ და აღნიშნა, რომ ბაკალავრიატის 3 წლიან და სამაგისტროს 1 წლიან პროგრამებზე მიღება სავარაუდოდ, 2025 წლიდან გამოცხადდება.
„ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სამწლიან ბაკალავრიატზე მიღება გამოცხადდება 2025 წელს.
ვადასტურებ, რომ როგორც მინისტრმა განაცხადა, მაგისტრატურაზე გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო უნდა ჩააბაროს“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.