თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩანჩქერზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, რომლებიც წყალმა გაიტაცა. დაღუპულებს შორის არიან სოფელ ზედა საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, უვნებელია ნაპირზე დარჩენილი პირიც.
მდინარიდან ამოყვანილი გოგო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გადარჩენილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 20 წლამდე გოგო კლინიკა „თერჯოლამედშია“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია.