ვის შეუძლია სკოლაში დარეგისტრირება I ეტაპზე და რა საბუთები დაგჭირდებათ პირველკლასელისთვის
06-03-2024
2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში რეგისტრაციის ვადები ცნობილია. აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად, რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება.

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. 

I
ეტაპზე რეგისტრაცია 6 მარტიდან დაიწყება და 20 მარტის ჩათვლით, გაგრძელდება და ის ბავშვები გაივლიან რეგისტრაციას რომლებიც  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი არიან. 

მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღვევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
ი) აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ,  რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203