აბიტურიენტებო! - სასურველი ფაკულტეტებისა და პროგრამების არჩევამდე ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. მართალია, აბიტურიენტებს შეზღუდულნი არ არიან სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში, თუმცა აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისინონ იქამდე სანამ პრიორიტეტულ სიას შეავსებენ.სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
- აკრედიტაციის ვადები;
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
- საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე).
მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის ოცი ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე ოცმა აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ
მინიჭებულ პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.
შეგახსენებთ! აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. იგი თავისი პირადი ნომრისა და პაროლის (ხუთნიშნა კოდი) მითითებით შედის საკუთარ გვერდზე, შეაქვს სასურველი ცვლილებები და ინახავს ინფორმაციას.ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის!