„რა ცოდნაც მაქვს, ჩემი პედაგოგებისა და სკოლის  დამსახურებაა“ - გაიცანით ვაიოს სკოლის მოსწავლე, რომელიც სასწავლებლად ამერიკაში მიემგზავრება
07-03-2024

„როცა მოინდომებ და ძალიან ბევრს იმუშავებ მიზნის მისაღწევად, ყველაფერი, რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდა შესაძლებელი გახდება“, - ეს სიტყვები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა მახაჭაძეს ეკუთვნის, გოგოს, რომელმაც საკმაოდ რთული გზა განვლო, გაიმარჯვა და FLEX-ის ფინალისტობამდე მივიდა, წარმატებამდე, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობების არაერთ კარს გაუღებს.

ანა მახაჭაძე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ერთ წელს ამერიკაში გაატარებს, რაც მისთვის ხარისხიანი განათლების გარანტი იქნება. 
Etaloni.ge-სთან კი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე საუბრობს, საკმაოდ რთულ და ამავდროულად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჰყვება, აღნიშნავს, რომ ინგლისური ენის სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება ძალიან დაეხმარა სასურველი მიზნის მიღწევაში და ახალა უკვე, როგორც წარმატებული აპლიკანტი, თავის გამოცდილებას და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას - „არ დანებდე არც ერთ ეტაპზე!“,  სხვებს უზიარებს:

- მოგვიყევი გზაზე, რომელმაც FLEX-ის ფინალისტობამდე მიგიყვანა?

- ამ პროგრამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ შევიტყვე და მსურდა მონაწილეობა... მთელი გულით ველოდი აგვისტოს, რათა გახსნილიყო აპლიკაცია და გამევლო რეგისტრაცია. პირველი ნაბიჯები ამ პროგრამის შესახებ ჩემი ცოდნის გაღრმავება იყო, ვეცადე მაქსიმალური ინფორმაცია მომეძიებინა და მივხვდი, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, მიმეღო ხარისხიანი განათლება. მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც არ ყოფილა, ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობების არ მწამდა და ეს მაბრკოლებდა, კიდევ უფრო რთული კი, პროგრამაში ჩართვა და ყველა ეტაპის გავლა იყო, თუმცა როცა მოინდომებ და ძალიან ბევრს იმუშავებ მიზნის მისაღწევად, ყველაფერს შეძლებ და რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდა, შესაძლებელი გახდება. ბევრი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში და დღეს მახარებს ის ფაქტი, რომ სასურველ შედეგზე გავედი.

ბავშვობიდან ინგლისური ენა ჩემი საყვარელი საგანი იყო, ვაპირებ ინგლისურ ფილოლოგიას გავყვე და ალბათ, ამანაც განაპირობა ეს წარმატება. 

- გამოარჩევდი ეტაპს, რომლის გავლაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა? 

- ყველა ეტაპზე , როცა აპლიკაციას ვხსნიდი მეშინოდა და არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, თუმცა უკვე სამუშაო პროცესში სიამოვნებას ვიღებდი და საბოლოოდ, ისე გამოდიოდა, რომ თურმე არ უნდა შემშინებოდა და იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე წარმოვიდგენდი.

- სკოლის როლზეც რომ გვითხრა... რამდენად გედგნენ პედაგოგები მხარში? 

- უდიდესი როლი შეასრულა სკოლამ ჩემს წარმატებაში, დღემდე რა ცოდნაც მაქვს, ჩემი პედაგოგების დამსახურებაა, ისინი საგაკვეთილო პროცესის მიღმაც, ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან, მათგან ვიღებ მაგალითს, ყოველთვის ზრუნავდნენ ჩემს მოტივაციაზე და ყოველივე ამან მომიყვანა აქამდე.

- ამაღელვებლად ჟღერს ერთი წლით ამერიკაში გამგზავრება, ცხადია ეს დიდი გამოწვევაცაა... როგორ უყურებ უცხო ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას?  

- ვფიქრობ, ცხოვრებაში ამაზე უკეთესი წელი არ მქონია და იმდენად აღტაცებული ვარ ვერც კი წარმოვიდგენ მეტად რამ შეიძლება გამახაროს... დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო, მრავლისმომცემი და მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. გამოწვევებს, რაც შეეხება, ამ დადებითი მოლოდინების ფონზე ის, რაც ცოტათი მაშინებს, ვფიქრობ, რომ დაძლევადი იქნება, შესაბამისად, ასე გამოხატული შიში არ მაქვს, უკვე მჯერა, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მგონია. 

- როგორ ფიქრობ, რას მოგცემს მომდევნო ერთი წელი - რა მოლოდინი გაქვს? 

- ალბათ, სამყაროს სულ სხვა თვალით დავინახავ, ეს გამოცდილება, ჩემი მომავლის სწორად წარმართვაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

- უკვე გამოცდილი და წარმატებული, რას ურჩევდი ბავშვებს, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ პროგრამაში ჩართვას?

- ჩემი მთავარი რჩევაა, რომ არასოდეს დანებდნენ, არც ერთ ეტაპზე. შესაძლოა არ გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ თუ მოვინდომებთ და ვიშრომებთ, ყველაფერს მივაღწევთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203